კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედი რიგით 141-ე სამეცნიერო სემინარი გაიმართა.
სემინარზე ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „ახალი დაკვირვებები ქართული ანბანის წარმოშობის საკითხზე არსებული ერთი უცნობი თეორიის შესახებ“.
მოხსენება შეეხებოდა შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ ძეგლს – „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომლის კვლევა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის 70-80-იან წლებში. ამ პერიოდში სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მიეძღვნა თხზულების შინაარსის, დანიშნულებისა და მნიშვნელობის გააზრებას. ძეგლის კვლევა, მათ შორის, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხსაც დაუკავშირდა.
„ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲსა“ და შუა საუკუნეების რამდენიმე სხვა ლიტერატურული ძეგლის ერთობლივი განხილვის საფუძველზე, მომხსენებელმა წარმოადგინა მოსაზრება იმის შესახებ, თუ, სავარაუდოდ, რა თვალსაზრისი არსებობდა შუა საუკუნეების საქართველოს ინტელექტუალურ წრეებში ქართული ანბანის, კერძოს, მთავრული (მრგვლოვანი) დამწერლობის წარმოშობის შესახებ.
წარმოდგენილი იქნა არგუმენტაცია იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ქართული ანბანის შემქმნელი იყო არა კონკრეტული პირი (ფარნავაზ მეფე), არამედ უშუალოდ ღმერთი.
მოხსენების ფარგლებში განხილული იყო ძველი დროის ლიტერატურული ძეგლების მონაცემებზე დამყარებული თვალსაზრისები, რომლებსაც, შესაძლოა, ემყარებოდა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ არსებული კონცეფცია. აგრეთვე მისი შესაძლო კავშირი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს“ ავტორის შეხედულებებთან.